საგანმანათლებლო-ტექნოლოგიური პროექტები შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, მათ შორის მესტიის ტექნოლოგიური კლუბი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება არაერთი შემეცნებითი ვორქშოპი ტექნოლოგიების შესახებ ახალგაზრდებისთვის. ვორქშოპები და ტრენინგები შეეხება 3D მოდელირებას, პროგრამირებასა და ელექტრონიკას. აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაციფრულება და 3D ვიზუალიზაციების შექმნა, რაც შემდეგ გამოიყენება სხვადასხვა აპლიკაციის ფორმატში. მეორე მხრივ, საგანმანათლებლო პროექტები მოიცავს “ახალგაზრდულ თაროს” პროექტს - ღია ბიბლიოთეკა ახალგაზრდებისთვის, რომლის ფარგლებში ახალგაზრდებს შეუძლიათ წაიკითხონ ახალგაზრდული თვითმმართველობის ბიბლიოთეკაში (500-ზე მეტი სათაური) არსებული წიგნები. გარდა ამისა, აღნიშნული მიმართულება გულისხმობს სხვადასხვა თემაზე ახალგაზრდებისთვის შემეცნებითი შეხვედრებისა და პროექტების ორგანიზებას. საგანმანათლებლო მიმართულების ნაწილია პროექტი “დიდგორელი”, რომელიც მუნიციპალიტეტში უკვე 3 წელია ხორციელდება ახალგაზრდული თვითმმართველობის ხელშეწყობითა და ორგანიზებით. რაც შეეხება კულტურულ მიმართულებას, ახალგაზრდული თვითმმართველობა უზრუნველყოფს მუსიკალური ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზებას, რომელიც სათავგადასავლო პარკში იმართება.