მესტიის სათავგადასავლო პარკი
სვანეთის რეკრეაციული მარგალიტი
სტატია მოამზადა ახალგაზრდული თვითმმართველობის სტაჟიორმა, ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდა დელეგატმა მესტიის მუნიციპალიტეტში მარიამ არღვლიანმა (ცხუმარის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე)
მესტიის სათავგადასავლო პარკი მდებარეობს დაბა მესტიაში, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალი სარეკრეაციო და კულტურული ადგილია მესტიის მუნიციპალიტეტში. პარკი გაიხსნა 2024 წელს და უფრო და უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებას იწვევს. პარკის მოწყობა დააფინანსა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა.
სათავგადასავლო პარკის ფართობი არის 12700 კვ.მ. სადაც ინტეგრირებულად არის მოწყობილი სარეკრეაციო სივრცეები სიმშვიდისა და განტვირთვისთვის, მათ შორის მოწყობილია სპორტული (თოკების პარკი და გარე სავარჯიშოები) და საბავშვო გასართობი სივრცეები. პარკი დამსვენებელს სთავაზობს მანქანების ფართო საპარკინგე მოედანს. ასევე, აქ შეხვდებით სხვადასხვა ტიპის მყუდრო ფანჩატურებს, მოსასვენებელ ზონებსა და ესთეტიკურ კაფეს (გახსნა დაანონსებულია 2026 წლის ზაფხულში). აგრეთვე, მოწყობილია სველი წერტილებიც. სათავგადასავლო პარკი შექმნილია მდინარე გვალდირის გარშემო და აღნიშნული მდინარე პარკში ოსტატურადაა ინტეგრირებული. პარკის ტერიტორიაზე აღნიშნული მდინარე შეგიძლიათ გადაკვეთოთ სამი ხიდისა და ტერასის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ პარკში მოწყობილია ხელოვნური ტბა.
როგორც უკვე ვახსენეთ, მესტიის სათავგადასავლო პარკში ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი ულამაზესი ტბა გახლავთ, რომელიც ბუნების მოყვარულთა განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს.
აღსანიშნავია, რომ 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე მდინარე გვალდირში, მესტიის სათავგადასავლო პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტის ფარგლებში მოხდა ქვირითის განთავსება. პროგრამის შედეგები უკვე თვალსაჩინოა, რადგან დღეს ტბასა და ნაკადულებს დაახლოებით 10-15 სმ. სიგრძის თევზები ამშვენებენ, რაც მნახველს ბუნებასთან აახლოებს და რეკრეაციულ გამოცდილებას განსაკუთრებულად ამდიდრებს.
ტბასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე თევზაობა არ არის დაშვებული, ვინაიდან იგი წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას. ამას გარდა, ვფიქრობთ თევზაობისგან თავის შეკავება მნიშვენლოვანია იმიტომაც, რომ აუცილებელია გავუფრთხილდეთ ეკოსისტემას და ნაკლები ზიანი მივაყენოთ ბიომრავალფეროვნებას.
აგრეთვე, გვინდა ხაზი გავუსვათ მდინარისა და ტყის ეფექტს, რამეთუ პარკის ცენტრალურ ნაწილში მუდმივად ჩუხჩუხებს ნაკადული, ხოლო პარკს სამხრეთ (შიდა) ნაწილში ესაზღვრება ტყე სადაც სხვადასხვა ჯიშის ულამაზესი ხეები ხარობენ, მათ შორის ნაძვები, არყის ხე, ნეკერჩხალი და სხვა. აქვე ვახსენებთ, რომ პარკის ტერიტორიაზე დარგულია სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული ნერგები: ხეები და ბუჩქოვანი მცენარეები.
ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, მოაწყონ პიკნიკები და დატკბენ ბუნების ხედებით. ამასთანავე, ინფრასტრუქტურა იდეალურ პირობებს ქმნის როგორც სპორტული აქტივობებისა და აქტიური დასვენებისთვის, ისევე სეირნობისთვისა და ვარჯიშისთვის.
თოკების პარკი
პარკში შეხვდებით თოკების ატრაქციონს, რომელიც მოიცავს ხეებს შორის დამონტაჟებულ 40-მდე სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებას, მათ შორის: თოკების ხიდები, საცოცი ბადეები და ზიპლაინი. მეტწილად, სათავგადასავლოც სწორედ ამიტომ ჰქვია ამ შესანიშნავ სივრცეს.
დაბრკოლება იყოფა A | B | C | D კატეგორიებად სირთულეების მიხედვით. თოკების სიგრძე სულ 520 მეტრია.
თოკების ატრაქციონზე ასვლა შესაძლებელია 6 წლის ასაკიდან, თუმცა ის ზრდასრული ადამიანებისთვისაც საკმაოდ კარგ გამოწვევას წარმოადგენს.
A კატეგორია 6-8 წლის ბავშვებისთვისაა, ხოლო B კატეგორია 8-12 წლის მოზარდებისთვის. C კატეგორია 12-16 წლის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო D - 16 წლის და უფროსი ადამიანებისთვის. ერთ მარშრუტზე გასვლა ერთი ადამიანისთვის ჯდება 15-დან 20 ლარამდე.
აღსანიშნავია, რომ რთული კლიმატური პირობებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე ატრაქციონი ზამთარში და წვიმიან დღეებში არ მუშაობს.
თოკების პარკი წელს ზაფხულის სეზონზე იხსნება და ივნისიდან უკვე შესაძლებელია ესტუმროთ. პარკის სამუშაო საათებია 11:00 დან 17:00 საათამდე. საერთო ჯამში, ეს არის ადგილი, სადაც არა მარტო თავგადასავლები გელოდებათ, დაუვიწყარ გამოცდილებებს შეიძენთ სვანეთის ბუნების წიაღში.
პარკში სტუმრებს განსაკუთრებული კაფე უმასპინძლებს, რომელიც მუშაობას იწყებს 15 ივნისიდან. კაფე გამორჩეული იქნება თავისი ესთეტიკური სივრცით, ხის მასალებით და დახვეწილი დიზაინით, რომელიც უფრო სასიამოვნოს ხდის გარემოს. ეს იქნება იდეალური ადგილი განტვირთვისთვის და საქმიანი თუ მეგობრული შეხვედრებისთვის. ეს იქნება სივრცე, სადაც ყოველი ვიზიტი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებად იქცევა.
დაგეგმილია, რომ ობიექტმა იმუშავოს 11:00 დან 19:00 საათამდე.
მესტიის სათავგადასავლო პარკი არ არის მხოლოდ სპორტული ან რეკრეაციული დანიშნულების მატარებელი. ის ასევე არის ჩვენი მხარის ახალ კულტურულ ცენტრადაც ჩამოყალიბდა. ამ მხრივ აღსანიშნავია პროექტი, რომელიც ოფიციალურმა მესტიამ და იაპონიის ალპურმა კლუბმა, საქართველოში იაპონიის საელჩოს და იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (JICA) აქტიური შუამავლობითა და ჩართულობით განახორციელეს 2024-2025 წლებში. ამ პროექტის ფარგლებში იაპონიიდან გამოიგზავნა საკურას (ალუბლის) ნერგები და ისინი მესტიის სათავგადასავლო პარკში 2025 წლის მაისში საზეიმოდ დაირგო. დარგვის ცერემონიაზე მესტიას მრავალწევრიანი იაპონური დელეგაცია ესტუმრა.
აღნიშნული პროექტი არის დიდი სიმბოლური დატვირთვის მატარებელი, რადგან, მოგეხსენებათ, საკურას (ალუბლის) ხეს იაპონურ კულტურაში ძალიან მნიშვნელოვანი კულტურულ-ფილოსოფიური ადგილი უკავია. შესაბამისად, საკურას ნერგების გამოგზავნა მესტიაში, ხოლო ამის შემდეგ 20-მდე იაპონელის ჩამოსვლა დარგვის დღის აღსანიშნავად ძალიან დიდი და ძვირფასი მეგობრობის საფუძველია ქართველ და იაპონელ ხალხს შორის. მესტიის სათავგადასავლო პარკში აყვავებული საკურა კი განასახიერებს ჩვენს ხალხს შორის არსებულ კეთილგანწყობასა და ურთიერთპატივისცემით გაჯერებულ მეგობრობას.
საკურას სტენდი იაპონიის ალპურ კლუბში (ტოკიო, იაპონია)
აყვავებული საკურას ხე ტოკიოში (წყარო: იაპონიის ალპური კლუბი)
მეტიც - როგორც იაპონიის ალპური კლუბი იუწყება, მესტიაში საკურას ნერგების დარგვის პროექტის სტენდი, რომელიც პანელზე წარმოადგინეს ტოკიოში - იხილა მისმა აღმატებულებამ, იაპონიის იმპერატორმა, რომელიც იაპონური ალპური კლუბის წევრია.
მესტიის სათავგადასავლო პარკში ოფიციალური ვიზიტით აგრეთვე ნამყოფია საქართველოში იაპონიის ელჩი, მისი აღმატებულება იშიძუკა ჰიდეკი.
მარცხენა მხარეს: საკურას დარგვის პროცესი 2025 წლის 29 მაისს, მესტიის სათავგადასავლო პარკი. მის ქვეშ, 2026 წელს მესტიაში აყვავებული საკურას ყვავილი.
მარჯვენა მხარეს: სტატია იაპონურ ენაზე მესტიაში საკურას ნერგების დარგვასთან დაკავშირებით
ამ ყველაფერთან ერთად მესტიის სათავგადასავლო პარკი იმითაცაა გამორჩეული, რომ ადგილზე წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ჰაბი. აქ შეგიძლიათ იხილოთ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, რომელიც აერთიანებს 500-ზე მეტ სხვადასხვა ჟანრის სათაურს.
გარდა ამისა, ჰაბის წამყვანი მიმართულებაა თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის ადგილი აღჭურვილია დრონებით, VR სათვალეებით, 3D პრინტერით, კომპიუტერებითა და STARLINK-ის ინტერნეტით. ადგილზე აქტიურად ხორციელდება არაერთი საგანმანათლებლო ინიციატივა და ვორქშოფი ახალგაზრდებისთვის, რაც ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, ინოვაციურ აზროვნებას და ინტეგრაციას თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში.
სივრცე იდეალურია ასევე პროექტებზე მუშაობისთვის, სხვადასხვა აქტივობის ორგანიზებისა თუ პრეზენტაციების განსახორციელებლადაც.
მესტიის მულტიფუნქციური პარკი, მასპინძლობს კიდევ სხვა საგანმანათლებლო-ტექნოლოგიურ და კულტურულ ინიციატივებსაც. მათ შორის არის GITA-ს ინოვაციური საგრანტო პროგრამები. აგრეთვე, პროექტი “დიდგორელის” ფინალური ეტაპი და დაჯილდოვების მთავარი ღონისძიება, რომელიც უკვე 3 წელია ხორციელდება სათავგადასავლო პარკში. ამავდროულად, დაგეგმილია 2026 წლის აგვისტოში პარკში მუსიკალური ახალგაზრდული ფესტივალის ჩატარებაც.
საბოლოო ჯამში, მესტიის სათავგადასავლო პარკი არ გახლავთ მხოლოდ დასასვენებელი ან სპორტული სივრცე, ეს არის სინთეზი ტრადიციისა და ინოვაციის, ბუნებასთან ჰარმონიისა და თანამედროვე განვითარების. თავისი მრავალფეროვნებით - თოკების ატრაქციონებიდან დაწყებული, ტექნოლოგიური ჰაბითა და ისეთი კულტურული სიმბოლოებით, როგორიცაა საკურას ნერგები, პარკი მესტიის ენერგიისა და პოტენციალის საუკეთესო ასახვაა. ეს არის ადგილი, სადაც თითოეული ვიზიტორი, იქნება ეს ადგილობრივი ახალგაზრდა თუ ტურისტი, პოულობს საკუთარ თავგადასავალს, იღებს ახალ ცოდნას და რაც მთავარია, ტკბება სვანეთის ბუნების უნიკალური სილამაზით. პარკი რჩება სივრცედ, რომელიც აკავშირებს წარსულსა და მომავალს, ქართველ და იაპონელ ხალხს, ტექნოლოგიურ მიღწევებსა და ბუნებრივ სიმშვიდეს, რითაც ის ხდება მესტიის რეკრეაციული რუკის განუყოფელი და გამორჩეული ნაწილი.
09.06.2026