როგორც იცით, მესტიის მუნიციპალიტეტში იგეგმება პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის დანერგვა. ამასთან დაკავშირებით, მესტიის მერიამ (კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით: CON230000270) გააფორმა ხელშეკრულება სამი ავტობუსის შესყიდვაზე (ერთეულის ფასი: 343,500 ლარი; ხელშეკრულების ღირებულება: 1,030,500 ლარი), რომელიც მუნიციპალიტეტს ეტაპობრივად მოეწოდება 2024 წლის თებერვლამდე. აღსანიშნავია, რომ პირველი მოწოდებული ავტობუსი იქნება შეძენილი თანადაფინანსებით. კერძოდ, საქართველოში იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიღებული გრანტით დააფინანსებს ავტობუსის ღირებულების ნაწილს - 195,171 ლარს, ხოლო მესტიის მერია დაფარავს 148,329 ლარს. დანარჩენი ორი ავტობუსის შეძენა მოხდება მთლიანად მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ.
ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის გუნდი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ავტობუსების სისტემის გამართვას, მათ შორის ვმუშაობთ მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებების შექმნაზე, გადახდის სისტემაზე, პერსონალის დაქირავებაზე, მოძრაობის გრაფიკების შექმნაზე და სხვა. ჩვენი ხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა მესტიის მუნიციპალიტეტის განვითარებაში ითამაშებს უმნიშვნელოვანეს როლს, მათ შორის ის გაზრდის მოსახლეობის წვდომას სერვისებზე, წაახალისებს ეკონომიკურ აქტივობას და, ამრიგად, ხელს შეუწყობს ადგილობრივ განვითარებას.
2024 წლის გაზაფხულიდან მუნიციპალიტეტს მოემსახურება 3 ერთეული 8 მეტრიანი საზოგადოებრივი ავტობუსი.